განსაკუთრებულ სტუმარს თბილისი ერთი კითხვით ელოდება - რა ჩამოაქვს მაიკ პომპეოს საქართველოსთვის? აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლასთან დაკავშირებით არსებობს სიახლეების მოლოდინიც, რომელსაც საგარეო უწყებაში განიხილავენ.
მიმართულებები ბევრია, თუმცა ყარაბაღის შემდეგ სამეზობლოში შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობა, რომელმაც რეგიონში რუსეთი მოაძლიერა, თავდაცვით და უსაფრთხოებით თანამშრომლობას კიდევ უფრო დიდ დატვირთვას აძლევს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ანალიტიკურ სივრცეში გაჩნდა იმის მზაობაც, რომ აქამდე ერთმანეთთან განხილული ამერიკული ბაზების საკითხი ამჯერად პომპეოსთვის პირადად გაეზიარებინათ, ამ შემთხვევაში ღია წერილით, რომელსაც 45 ხელმომწერი ჰყავს და საქართველოში ამერიკის მუდმივ სამხედრო წარმომადგენლობას ეხება.
ტრამპის წარმავალი ადმინისტრაციის მიუხედავად, თბილისში შტატების საგარეო პოლიტიკაში თანმიმდევრულობას ელიან.
გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების გარდა, თბილისში ელიან, რომ პომპეო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსაც შეეხება. მართლმსაჯულება, არჩევნები და ქვეყნის დემოკრატიზაცია სახელმწიფო მდივნისა და არასამთავრობო სექტორს შორის ჩანიშნული შეხვედრის თემა იქნება.