საქართველოში აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსების თხოვნით თბილისში ჩამოსულ ამერიკის სახელმწიფო მდივანს ექსპერტები შეხვდებიან.
უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საექსპერტო საზოგადოებამ ღია წერილი ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა. მასში საუბარია, რომ საქართველოსთვის აშშ სასიცოცხლო მოკავშირეა და რომ ევროატლანტიკური სისტემა აშშ-ის ლიდერობით ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ერთადერთი გარანტიაა.
"ამის აუცილებლობა განსაკუთრებით წამოწია წინ სამეზობლოში მიმდინარე პროცესებმა, სამხედრო ბალანსის კიდევ უფრო შეცვლამ რუსეთისკენ. ამ პირობებში კი საქართველოს უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესია, რომ ვიყოთ დაცულები. ისევე როგორც საქართველოს სჭირდება ამერიკის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების გაზრდა, ასევე სჭირდება ამერიკას საქართველო რეგიონში, როგორც ერთადერთი მისი საყრდენი," - აცხადებს პოლიტოლოგი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.
"ბოლო წლებში სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონები გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონებად იქცა. უსაფრთხოების რისკების უმეტესობა რუსეთის ამბიციებიდან მომდინარეობს, აღადგინოს საბჭოთა პერიოდის "გავლენის სფერო" - ნათქვამია წერილში რუსეთისგან მომავალი რისკების ერთ-ერთ მაგალითად.