17 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალები რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული ზოგიერთი ოპოზიციური ძალა მთავარ ანტიდასავლურ ძალებად რჩებიან. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრს ამის მაგალითად მიხეილ სააკაშვილის ის განცხადება მოჰყავს, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტინი კოქსს რუსეთის აგენტი უწოდა. 

"მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალები რჩებიან სამწუხაროდ, მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში. ამის ნათელი დადასტურებაა მიხეილ სააკაშვილის უკვე ტრადიციად ქცეული ანტიდასავლური არა მხოლოდ პოლიტიკური ქცევა და კულტურა, არამედ ანტიდასავლური რიტორიკა. მაგალითისთვის, გუშინ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა და სწორედ ამიტომ ვართ დღეს შეშფოთებულები, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბატონი კოქსი არის რუსეთის აგენტი, ის არის რუსეთის კმაყოფაზე მყოფი, ხოლო საპარლამენტო ასამბლეის დადებითი დასკვნა 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დასკვნად გამოაცხადა.

ისმის კითხვა - რამ გამოიწვია სააკაშვილის ამგვარი თავდასხმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტიტუტზე. ალბათ იმან გამოიწვია, რომ ამ ინსტიტუტის დასკვნა უბრალოდ არ დაემთხვა მის მიერ ტირაჟირებულ ყალბ რეალობას, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან გაიმარჯვა არჩევნებში და არა "ქართულმა ოცნებამ". ევროსაბჭოს დელეგაციამ თქვა ის რეალობა, რაც არის, რომ მშვიდობიან პირობებში ჩატარდა არჩევნები, რაც, რა თქმა უნდა, სააკაშვილს არ მოსწონს, მას სხვა გეგმები ჰქონდა და ეს გეგმები ჩაიფუშა და საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ "ქართული ოცნება" არის პირველ ადგილზე გასული პარტია, რაც სააკაშვილის მოსაწონი არ აღმოჩნდა.

თუ ანალოგიით ვიმსჯელებთ, ამით სააკაშვილმა რუსეთის დასკვნად გაასაღა არა მხოლოდ ამ ასამბლეის შეფასება, რამედ ყველა ის დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს ერთი და იმავე შეფასებებს, ეს არის საგანგაშო. პირდაპირ ვამბობთ, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების კულტივირება არის მავნებლობა. ეს არის ასე და ვერ იქნება სხვანაირად. ჩვენ როდესაც შევალთ პარლამენტში, უკვე პარლამენტიდან შევებრძოლებით იმას, რომ ჩვენ ოკუპირებულ ქვეყანაში არავის არ მიეცეს არანაირი შესაძლებლობა, რომ გააღვივოს ანტიდასავლური გრძნობები.

დასავლეთისადმი ნიჰილიზმი, ჩვენს ქვეყანას არ მოუტანს არაფერს კარგს. მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ შეაფასონ მისი ეს ქცევა და განცხადებები ან დაადასტურონ რომ ეს მისაღებია ან გაემიჯნონ მა," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრი ამბობს, რომ ყველა ერთად უნდა შეებრძოლოს ანტიდასავლურ ქცევებს ქვეყანაში, რაც სახელმწიფოსთვის მავნებლობაა. 

"საინტერესო იქნება "იპიპის“ შეფასება, რომლის წევრიც არის "ნაციონალური მოძრაობა“. არის ნამდვილად მოცემული დეპუტატი ან სხვა ევროპული ინსტიტუტები "ეფესბეს“ კმაყოფაზე მყოფი აგენტები თუ არა? ძალიან მაინტერესებს "იპიპის“ აზრი. "ქართულ ოცნებას“ რაც შეეხება, ჩვენ ვრჩებით იმ არჩევანის ერთგული, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც კონსტიტუციით გამყარდა და ეს არის ურყევი არჩევანი, რომელსაც ახალი მთავრობის პირობებში მთელი ხელისუფლება მოვემსახურებით, როგორც ამას ვაკეთებდით მაშინ, როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ამას ვაკეთებდით, როცა 13 წელს გადმოგვეცა უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმა და უამრავი რეფორმა განვახორციელეთ ამისთვის, როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე აგვყავდა თანამშრომლობა. უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე ჩვენმა მთავრობამ და თავდაცვის სამინისტრომ აიყვანა ნატო-სთან თანამშრომლობა, ეს გაგრძელდება, მაგრამ, მეორე ხელით, ჩვენ ყველა უნდა ვებრძოლოთ ანტიდასავლურ ქცევებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ქცევების გაბანალურების მცდელობას, რადგან ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები