პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებთან დებატების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციის შემდეგ საერთო პოზიციას ჩამოაყალიბებენ.
სერგი კაპანაძის განმარტებით, დებატები იმ საკითხებზე, რომლებიც დღეს ქვეყანას აწუხებს, უნდა ყოფილიყო არჩევნებამდე და არა შემდგომ. სერგი კაპანაძე ასევე ამბობს, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ დებატებში აზრს ვერ ხედავს.
"ჩვენ პრინციპულად არ მიგვაჩნია პრობლემად ასეთ დებატებში მონაწილეობა, მზად ვართ კიდეც, მაგრამ ჩვენ სხვა პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან გავივლით კონსულტაციას და საბოლოო პოზიციას ერთად ჩამოვაყალიბებთ.
რაც შეეხება იმ ნაწილს, ახლა რამდენად რელევანტურია დებატები, ამაზე სერიოზული კითხვები მაქვს. დებატები უნდა ყოფილიყო არჩევნებამდე იმ საკითხებზე, რაც ქვეყანას აწუხებს და არა ახლა, როცა ურემი გადაბრუნდა, იმაზე თუ რა ფორმით გადაბრუნდა ეს ურემი, ამიტომ ცოტა პანიკის ნიშნები არის ხელისუფლების მხრიდან, როცა ახლა იმაზე გვთავაზობენ დებატებს, გაყალბდა თუ არა არჩევნები. არჩევნები არის უკვე გაყალბებული და ახლა ვართ ყველა იმ მდგომარეობაში, როცა დაიწერეს პროცენტი და არჩევანი აქვთ ახლა ან არალეგიტიმური პარლამენტი, ან ამ პროცესის ასე გაგრძელება, ან ახალი არჩევნები.
ეს დებატები დამთავრდება ვიცი როგორც, "ქართული ოცნება" გამოვა და იტყვის, რომ "აი გავიმარჯვეთ ამ დებატებში" მიუხედავად იმისა, რომ არანაირი არგუმენტები არ ექნებათ და რა იქნება მერე? შეიცვლება არჩევნების შედეგები ამის გამო თუ რა იქნება? მათ ახლა უნდათ მორიგი დებატები თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის, მესმის ეს, თუმცა ამ დებატებში კიდევ ერთხელ ვამბობ, დარწმუნებული ვარ, რომ ის არგუმენტები, ჩვენ რასაც ახლა ვაქვეყნებთ და რაზეც ვსაუბრობთ, ამ არგუმენტების ვერანაირ ნიველირებას ისინი ვერ შეძლებენ იმიტომ, რომ უბრალოდ ფაქტები, რიცხვები, გაყალბებული ხელმოწერები და კონკრეტული მაგალითები არის ხომ?! მაგრამ, მერე რა იქნება?" - განაცხადა სერგი კაპანაძემ.