ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდება ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ამერიკის მხრიდან აქვს. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ განცხადება თბილისის აეროპორტში გააკეთა, სადაც უახლოეს საათებში მაიკ პომპეოს ჩამოსვლას ელოდებიან:
"რასაკვირველია, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად, საქართველოს როლის ხაზგასმა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. აშშ-მა დაამტკიცა უკვე წლების განმავლობაში, რომ ის არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, ამერიკის მტკიცე მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ ამის არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და დადასტურება გვაქვს, რომელიც გამოიხატება, მათ შორის საქართველოს მხარდამჭერი აქტით და აპროპრიაციების აქტით.
ველოდებით, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი დისკუსია, COVID-19-ის გათვალისწინებით, მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით ეკონომიკა და ვაჭრობის განვითარება აშშ-ის მხრიდან, როგორ საქართველოსთან, ასევე რეგიონთან საქართველოს გავლით, იქნება მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ვიზიტი იქნება ისეთივე შედეგიანი და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენ ურთიერთობებს, რომელიც დღეს არის უმაღლეს ნიშნულზე," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მაიკ პომპეო ოპოზიციას შეხვდეს იმის მიუხედავად, რომ ეს წინასწარ გათვალისწინებული არაა, ელჩმა აღნიშნა, რომ დღის წესრიგი უკვე გაწერილია.