17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ვადა, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ კანდიდატს შეეძლო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა, ამოწურულია - კონსტიტუციონალისტები მეორე ტურის ბოიკოტზე

ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური შაბათს გაიმართება. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქშია დაგეგმილი, ასევე, ქუთაისში გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

ოპოზიციის წევრები პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, თუმცა მათი გვარები, კანონის თანახმად ბიულეტენში მაინც მოხვდება. 

კონსტიტუციონალისტების თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, ოპოზიციონერი კანდიდატის სახელი და გვარი, რომელიც მეორე ტურში გავიდა, ბოიკოტის მიუხედავად, ბიულეტენში დაფიქსირებული მაინც იქნება.  

მათივე თქმით, ვადა, როლის ფარგლებშიც ნებისმიერ კანდიდატს შეეძლო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა, უკვე ამოწურულია.

"19 ოქტომბრამდე, თუკი უნდოდა რომელიმე სუბიექტს თავის კანდიდატურის მოხსნა თუ რეგისტრაციის გაუქმება, ანუ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, მანამდე შეეძლო ეს ყველაფერი. თუკი მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენში რომელიმე კანდიდატი იქნება, აქტიურად არ წარმართავს კამპანიებს და კენჭისყრის დღეს აღმოჩნდება, რომ იგი მოიპოვებს უპირატესობას, მიუხედავად იმისა, რომ მას არ სურს, ის გახდება დეპუტატი, შემდგომ უნდა თქვას უარი დეპუტატის მანდატზე, პარლამენტი იმსჯელებს და შეუწყვეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას და დაინიშნება საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში შუალედური არჩევნები,“ - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ოპოზიციონერი კანდიდატების წარმატების შანსი მინიმალური იქნება, რადგან მათ მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებთან მისვლის მოტივაცია არ ექნებათ. 

"ბიულეტენებში ეწერება კონკრეტული პირის სახელი და გვარი, ანუ მეორე ტურში ვინც გავიდა ოპოზიციონერი კანდიდატის, თუმცა ცხადია მათი წარმატების შანსი არის მიზერული, მათ ამომრჩეველს არ ექნება მოტივაცია მივიდეს და რომც გაიმარჯვოს თეორიულად, ის ადგება და უარს იტყვის ამ მანდატზე,“ - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

დღის ამბები