მაიკ პომპეო საქართველოშია. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ნახევარი საათის წინ დაეშვა.
ორდღიანი ვიზიტის მთავარი დღე ხვალ იქნება. მაიკ პომპეო შეხვედრებს ხვალ დილიდან დაიწყებს. ჩანიშნულია 4 შეხვედრა: პრემიერი, პრეზიდენტი, პატრიარქი და არასამთავრობო სექტორი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოში 24 საათს დაჰყოფს. პარიზი-სტამბოლი - ასეთი იყო მაიკ პომპეოს მარშრუტი თბილისში ჩამოსვლამდე. საგულისხმოა, რომ ტურნეს დაწყებიდან არ გამართულა არანაირი პრესკონფერენცია, არც საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ და არც თურქეთში, სადაც სახელმწიფო მდივანს საერთოდ არ ჰქონია შეხვედრები ჩანიშნული ქვეყნის ხელმძღვანელობასთან.
მაიკ პომპეო აეროპორტიდან სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" გაემართა.