17 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
გამოცხადდება თუ არა COVID-19-თან ბრძოლა ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად - ექსპერტთა ჯგუფი პანდემიის მართვაში ცვლილებებს ითხოვს

სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება, - ამის შესახებ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში მომზადდა.

სამუშაო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ პანდემიაზე პასუხი უნდა გახდეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი და საკითხი პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან უნდა გადავიდეს ზეპარტიული, ეროვნული ინტერესების დონეზე. შეიქმნას დროებითი ეროვნული მექანიზმი დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით, რაც საზოგადოების მხრიდან ნდობასა და მხარდაჭერას გააძლიერებს, ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას, პოლარიზაციის ნაცვლად, გააერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო რესურსს ეპიდემიის დაძლევის მიზნით; მკაფიოდ გაიმიჯნოს პასუხისმგებლობები, გამკაცრდეს სააღსრულებო დისციპლინა, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს როლისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციისთვის. სამედიცინო მომსახურების მიწოდების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო სისტემისადმი მიმართვის მოთხოვნილების (საჭიროების) შემცირება.

კონკრეტული რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე, დრამატულ შედეგს პროგნოზირებენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. 

ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობა და სახელმწიფოს შესაძლებლობები განხილვის მთავარი თემა იყო მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრთან ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასა და გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრას ის ექსპერტებიც დაესწრნენ, რომლებმაც მთავრობის მისამართით კონკრეტული რეკომენდაციები გააჟღერეს. გაირკვა, რომ ინფიცირებულების ზრდის ფონზე, მაქსიმალურად ფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებიც ვირუსთან ბრძოლაში ჩაერთვებიან.

მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრას ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტებიც დაესწრნენ. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ლოკდაუნის გამოცხადება არ იგეგმება, რადგან ამას ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს, თუმცა წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდება. ეკონომიკის სტაბილურობის და მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის ვირუსის მართვის პროცესში ჩართული პირები ოპტიმალურ გამოსავალზე მსჯელობენ.

დღის ამბები