"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა ოპოზიციური პარტიების მხრიდან მეორე ტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს დაუკავშირა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ახლადშექმნილი პარტიისთვის მეორე ტურში გადასვლა ნდობის საკმაოდ მაღალ მანდატს ნიშნავს და მასზე უარის თქმა მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია.
"აბსოლუტურად გაუგებარია, როცა სულ ახლახან შექმნილი პარტია იღებს ამხელა მხარდაჭერას, გადის მეორე ტურში, მაგალითად, იმ რაიონში, სადაც მე ვარ ამომრჩეველი და უარს ამბობს საბურთალოს ოლქში არჩევნებში მონაწილეობაზე მარტო იმიტომ, რომ უცხოეთში გადახვეწილმა ოპოზიციის ფეიკლიდერმა ასე მოისურვა.
გუნდში გამოუსწორებელ ოპტიმისტად მიცნობდნენ და დღესაც ასეთი ვარ - მე იმედს არ ვკარგავ, რომ მათ პასუხებს არა მხოლოდ აქ, ამ ეთერში, თქვენი დამსახურებით, არამედ პარლამენტშიც მოვისმენ და თუნდაც მწვავე დებატები გვექნება მომავალში ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებზე.
როდესაც მიკრო პარტიას ქმნი, იმიტომ რომ ასე იქმნება ყველა პარტია, სანამ გადიდდება და გაიზრდება, ამხელა ნდობას გამოგიცხადებენ, რომ სერგეენკოს მერე მეორე ტურში გახვალ და შენ უარს ამბობ და მიშას მოკავშირედ ხარ, იმ წარსულის ადამიანის, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს ჩემში, ერთ ქართველ ამომრჩეველში გაკვირვებას იწვევს.
ფეიკლიდერში ვგულისხმობდი მიშა სააკაშვილს, მას ჰგონია, რომ ლიდერია,"-განაცხადა "ღამის კურიერში" თეა წულუკიანმა.