17 ნოემბერი 2024,   17:15
ვრცლად
საუბარი იყო, თუ რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს შექმნილი ვითარებიდან, ჩვენი მხრიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები - დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბებთან დაკავშირებით ოპოზიციას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დარწმუნება არ გასჭირვებია.

დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე იმსჯელეს, თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციის პოზიცია მკაფიო იყო, რომ გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნაა. 

"ჩვენი პოზიციის იმ ნაწილში, რომელიც ეხება არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს, არანაირი განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგვჭირვებია რომ დაგვერწმუნებინა. დარღვევებს ეთანხმება როგორც ამერიკის საელჩო, ისე სახელმწიფო დეპარტამენტი და ყველა ჩვენი პარტნიორი. დარღვევებთან და დარღვევების სიმძიმესთან დაკავშირებით პოზიციები ერთმანეთთან ძალიან ახლოა.

რაც შეეხება იმას, ამ ტიპის დარღვევებით უნდა მივიღოთ თუ არა იმ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, რომელიც გამომდინარეობს ასეთი სიმძიმის დარღვევებისგან, აქ შეიძლება იყოს განსხვავებული პოზიცია. ამ თემაზე ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაგრძელებთ და, საბოლოო ჯამში, ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრის და მოსახლეობის გადასაწყვეტი, რამდენად მისაღებია გაყალბების გზით არჩეულ პარლამენტში მონაწილეობა.

ჩვენი ამოცანა არ არის ქუჩაში გასვლა, ჩვენი ამოცანა არ არის დესტაბილიზირება, პირიქით, ჩვენი ამოცანაა, რომ იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. მაგრამ, ჩვენი შეფასებით, იმ დარღვევებით, რომელიც დაფიქსირდა არჩევნებზე შეუძლებელი გახდა ეს ყველაფერი ახალი არჩევნების გარეშე. ამიტომ, გამოსავალი ერთია - ნებისმიერ დემოკრატიაში, როდესაც მთავრობას არ აქვს ნდობის მანდატი, როცა არჩევნების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, ნებისმიერ დემოკრატიაში არის ერთი გამოსავალი - ახალი არჩევნების ჩატარება. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და სწორედ ამაზე გადის დემოკრატიისკენ გზა.

იმედი გვაქვს, რომ დავარწმუნებთ. მე ვერ გეტყვით ფილიპ რიკერის მაგივრად, დავარწმუნეთ თუ ვერ დავარწმუნეთ, მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის, ამერიკის ელჩის ჩართულობით პოლიტიკური პროცესი გაგრძელდება და ჩვენი ამოცანა იქნება, მოიძებნოს ამ კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალი, მაგრამ ეს გამოსავალი ვერ იქნება გაყალბების ლეგიტიმაციის ხარჯზე.

ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ. საუბარი იყო იმაზე, თუ რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს შექმნილი ვითარებიდან, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს აწუხებთ შექმნილი კრიზისი და კარგად აცნობიერებენ რამხელა კრიზისში შევიდა ქვეყანა. ამიტომ, იყო საუბარი გამოსავალზე, ჩვენი მხრიდან გამოსავალი არის ცალსახად ახალი არჩევნები,"-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები