პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროის მდგომარეობით, მოლაპარაკების მაგიდაზე ერთადერთი წინადადება დევს, რომელიც შესაძლოა, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის გამოსავალი იყოს. თუმცა "გირჩის" ლიდერი არ აკონკრეტებს იმას, თუ რაზეა კონკრეტულად საუბარი, ამას კი იმით ხსნის, რომ შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და შესაბამისად, თემების გასაჯაროება მიუღებელია.
"ამ წუთის მდგომარეობით, მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ერთადერთი წინადადება, რომელიც არის კონსტრუქციული და რომელიც შესაძლოა გამოსავალი იყოს როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის.
ამ ეტაპზე კი ჩვენ პასუხს ხელისუფლებისგან ველოდებით. მსგავსი პოლიტიკური კრიზისების განმუხტვის ეს გზა არ არის ოპოზიციის მიერ მოგონილი და ეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში გამოიყენება. თუმცა, კონკრეტულად რაზეა საუბარი, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. თუ ეს წინადადება არ მოსწონს ხელისუფლებას, ველოდებით, რომ სხვა ალტერნატივას მაინც შემოგვთავაზებენ,"- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.