ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გამგზავრების შემდეგ მისი მოადგილე ფილიპ რიკერი თბილისში დარჩა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.
დაახლოებით ერთსაათიანი აუდიენციის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ უმაღლესი რანგის სტუმარმა მათ ურჩია კრიზისიდან გამოსავალი ინსტიტუციების გამოყენებით იპოვონ.
მკაფიო გზავნილის მიუხედავად, ოპოზიცია კვლავ საპროტესტო რეჟიმში რჩება - ოპოზიცია მეორე ტურებში მონაწილეობას არ აპირებს და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს იზიარებენ მმართველ გუნდში, სადაც დღეს ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდეს ბოიკოტის შეწყვეტისკენ.
იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილე ფილიპ რიკერი ოპოზიციასთან შეხვედრას გამართავდა, ამაზე საუბარი იყო იმ ვრცელ ბრიფინგზე, რომელიც თბილისში შემდგარ აუდიენციას უძღოდა წინ. ბრიფინგზე ითქვა, რომ მაიკ პომპეო თბილისში ტოვებს მაღალი რანგის კოლეგას, რომელიც შეხვდება ოპოზიციონერ ფიგურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საარჩევნო პროცესში მონაწილეობდნენ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს დასავლეთისა და ევრო-ატლანტიკური საზოგადოების მხარდაჭერას ამ ინსტიტუტების განვითარებაში; კიდევ ერთხელ, გზავნილი ასეთია: "გამოიყენეთ ეს ინსტიტუტები. ბოიკოტს ნუ გამოაცხადებთ და თქვენს მიზანს ასე ნუ მიაღწევთ".