პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე არჩევნების მეორე ტურის შესახებ ისაუბრა.
სულ რამდენიმე დღეში, 21 ნოემბერს, ქვეყანაში იქნება არჩევნების მე-2 ტური 17 ოლქში - განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ქვეყანაში პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე.
"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უკვე, მაშინ, როდესაც 31 ოქტომბერს მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირობებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, მათთვის მინიჭებული მანდატების და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში, ერთობლივად.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქეს და იმ მოლოდინებს და პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა.
ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში, რაც შეიძლება სწრაფად, პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება, სტაბილური პოლიტიკური პროცესი, იმ გამოწვევების დროს, რომელსაც ქვეყანამ უნდა უპასუხოს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს გახლავთ გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზი, რეგიონალური გამოწვევები, არის უაღრესად მნიშვნელოვანი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.