გლობალური კეთილდღეობის ინდექსით საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, განახლებულ მსოფლიო რეიტინგში საქართველო 53-ე ადგილს იკავებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოს პოზიცია 60 ქვეყანას მიღმა იყო.
"ბოლო პერიოდში კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში ჩვენი ქულების გაუმჯობესების შესახებ გახდა ცნობილი. საქმე ეხება გლობალური კეთილდღეობის ინდექსს, სადაც საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 100%-დან 61.8%-ს მიაღწია და ეს არის ქულის გაუმჯობესება, რის შედეგადაც ჩვენ შევინარჩუნეთ 53-ე ადგილი, ეს არის მართლაც ჩვენი ისტორიული მაქსიმუმი.
მინდა გითხრათ, რომ 2012 წლამდე საქართველო 60 ქვეყანას მიღმა იყო ყოველთვის, ახლა კი საკმაოდ კარგი პოზიცია გაგვაჩნია მიუხედავად კოვიდისა.
ჩვენ არ გვინდა იმის თქმა და არ ვამტკიცებთ, რომ ქვეყანაში სუფევს კეთილდღეობა, ჩვენ შორს ვართ აქედან, ძალიან დიდი პრობლემებია გლობალური პანდემიით გამოწვეული და ჩვენ ბევრ სირთულეს ვუსწორებთ თვალს და ვუმკლავდებით, მაგრამ ეს რეიტინგი ასახავს ჩვენს სწორ გზას, ძალისხმევას და სწრაფვას სიღარიბიდან კეთილდღეობამდე და საქართველო არის მიჩნეული ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად თუ წარსულში ღარიბმა ქვეყანამ თანმიმდევრული რეფორმების გატარებისა და ღია ეკონომიკის ჩატარების გზით, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმების დამკვიდრების გზით, ეტაპობრივად დაძლიოს სიღარიბე," - განაცხადა ნათია თურნავამ.