17 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები რეგიონში ყველაზე სტაბილურია - გიორგი ხელაშვილი

მაიკ პომპეოს ვიზიტიდან მეორე დღეს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის გზავნილები ისევ მთავარი პოლიტიკური თემაა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი მიმართვისა და ოპოზიციასთან პომპეოს მოადგილის შეხვედრის შემდეგ, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. კელი დეგნანთან აშშ-ში საქართველოს ელჩი იმყოფებოდა. დავით ბაქრაძემ შეხვედრას ძალიან სასარგებლო უწოდა. 

"ქართული ოცნების" წევრის გიორგი ხელაშვილის შეფასებით, დღეს საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა იმდენად სტაბილურია, რომ რაიმე ძვრები ამ სფეროში არ იქნება.

"ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები, რეგიონში ყველაზე სტაბილურია და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ადმინისტრაცია იქნება ამერიკის სათავეში. ჩვენი ურთიერთობა ამერიკასთან იმდენად სტაბილური და მოწესრიგებულია, რომ რაიმე ძვრები ამ სფეროში არ იქნება, რადგანაც ეს უკვე ორი სახელმწიფოს დალაგებული ურთიერთობაა. ეს ვიზიტი არის გარკვეული ხიდი, დღევანდელობასა და მომდევნო 4 წელიწადს შორის,"- აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ხელაშვილი. 

რაც შეეხება მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის ანრი ოხანაშვილის შეფასებას, მისი განმარტებით, საქართველოში პომპეოს ვიზიტი დადასტურებას იმ უპრეცედენტო თანამშრომლობის, რომელიც გააჩნია საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

"პომპეოს ვიზიტი იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმის უპრეცედენტო თანამშრომლობის, რომელიც გააჩნია საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რამდენად მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობა არსებობს ჩვენსა და აშშ-ს შორის. ამიტომ, ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, რომ ამერიკა საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას აგრძელებს,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

ოპოზიციის შეფასებით, მაიკ პომპეოს საქართველოში სტუმრობა მნიშვნელოვანი იყო. ხატია დეკანოიძის განმარტებით, ახალი ხელისუფლების პირობებში აშშ-ის მხრიდან საქართველოზე ინტერესი უფრო გაძლიერდება. 

"ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი, ღირსეული და სასიცოცხლო მნიშვნელობის პარტნიორია. ასევე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში აშშ-ის ინფრასტრუქტურაც კი გაძლიერდება საქართველოში," - აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები