17 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
რა ფორმით გამოხატავს ოპოზიცია პროტესტს არჩევნების მეორე ტურის დღეს - "ლელოს" ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა დასრულდა

"ლელოს" ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიცია, ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა პროტესტის ფორმაზე, რომელსაც ისინი არჩევნების მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს მიმართავენ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ამ თემაზე ოპოზიცია კიდევ ერთხელ იმსჯელებს და ხვალ, 20 ნოემბერს, 12 საათზე ამცნობს საზოგადოებას. 

"როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 21 ნოემბერს არცერთი ოპოზიციური კანდიდატი და პარტია არ მონაწილეობს ამ გაყალბებულ არჩევნებში. რაც შეეხება საპროტესტო აქციას 21-ში, სხვადასხვა ვარიანტებს, ვერსიებს ვიხილავთ და ხვალ 12 საათზე ვიკრიბებით და საბოლოო გეგმა და გრაფიკი ეცოდინება საზოგადოებას და მედიას,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოპოზიცია საარჩევნო უბნებთან "სირცხვილის დერეფნების" მოწყობას აპირებს, პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" წევრი კოტე კემულარია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არ იქნება "სირცხვილის დერეფანი" კლასიკური გაგებით. მისივე განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი მიმართული იქნება მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოებისკენ. 

"სირცხვილის კორიდორები" მოძველებული ტერმინია, ჩვენ არ გვიხმარია ეს ტერმინი საერთოდ. ფაქტობრივად, ეს იქნება პროტესტის გამოხატვა მშვიდობიანი ფორმით. ყველანაირად ვეცდებით, რომ არ შევუშალოთ ხელი არც ტრანსპორტის მოძრაობას, არც მოქალაქეებს, ვისაც სურთ თავისი ნების გამოხატვა, მაგრამ ეს იქნება მიმართული მთავრობის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ ამ უმსგავსო მეორე ტურს, რომელსაც არჩევნებთან კავშირი არ აქვს," - განაცხადა კოტე კემულარიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. მათი მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

ამასთან, აშშ-ს და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი მიმდინარეობს, რომლის ორი რაუნდი უკვე ჩატარდა. 

დღის ამბები