არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც გუშინ მაიკ პომპეოს მოადგილეს შეხვდნენ, მოლაპარაკების დეტალებზე საუბრობენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საუბარი იყო პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შედეგ შეიქმნა. ფილიპ რიკერი სამართლიანი არჩევნების, საერთაშორისო გამჭვირვალობის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, IRI-სა და NDI-ის ხელმძღვანელებს ონლაინ რეჟიმში ესაუბრა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ აშშ-ს შესაბამის წარმომადგენლობებს, სრული და ამომწურავი ინფორმაცია აქვთ საქართველოში არსებული რეალობის შესახებ:
"სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ისევე როგორც საელჩოს ბუნებრივია სრული და ამომწურავი ინფორმაცია აქვს იმ რეალობის შესახებ, რაც ახლა ქვეყანაში არსებობს, ამას ემატება ის პრობლემები, რაც არჩევნებთან იყო დაკავშირებული. ეს შეხვედრა არ იყო კონკრეტული შედეგის და პანაცეის შეთავაზების საშუალება, თუმცა იყო მოსაზრებების ურთიერთგაცვლა, ის ძირითადი პრობლემები, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ არჩევნებთან მიმართებაში. ჩვენ ვამბობდით, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ამ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერა იყო გამოხატული და ამ შეხვედრაზეც დაფიქსირდა ქართული სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა," - აცხადებს სულხან სალაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის "უფლებები საქართველო" მართლმსაჯულების პროექტების კოორდინატორი კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე ორი მთავარი გზავნილი დაფიქსირდა, ესაა სასამართლო რეფორმის და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მუშაობის მნიშვნელობა:
"ამერიკის შეერთებული შტატები აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას და მისთვის არის მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმა, ესაა ერთი გზავნილი. მეორე გზავნილი იყო ის, რომ ჩვენ არასამთავრობო სექტორმა უნდა გავაგრძელოთ ჩვენი აქტივობა და ჩვენი ფუნქცია უნდა შევასრულოთ ამ მიმართულებით. ეს იქნება იგივე "ვოჩ დოგის" ფუნქცია, იგივე საზოგადოების ინფორმირების ფუნქცია და პარტნიორებთან ურთიერთობის ფუნქცია, ეს იყო გამამხნევებელი შეხვედრა ჩვენთვის," - აღნიშნა კახა წიქარიშვილმა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, აშშ-ის მხრიდან იყო ჟესტი, რომ მხარს უჭერს საქართველოს და საქართველო არის მისი მთავარი დასაყრდენი რეგიონში.
"მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში არქიტექტურის გადალაგება მიმდინარეობს, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იყო ჟესტი, რომ მხარს უჭერს საქართველოს და საქართველო არის მისი მთავარი დასაყრდენი რეგიონში. შეხვედრაზე განიხილეს შიდა საკითხები, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოშია და ეს იყო სიმბოლური გამოვლინება საქართველოს მხარდაჭერის," - აღნიშნავს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე.
"სექტორი 3"-ის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა ამბობს, რომ საქართველომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, აშშ-სთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად:
"თვითონ ვიზიტი, რომელიც პანდემიის პირობებში, რეგიონში განვითარებული მოვლენების და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვიზიტი მკაფიო ნაბიჯია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გამყარების და საქართველომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რომ აშშ-სთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ გაძლიერდეს,"- აცხადებს ქეთევან ჩაჩავა.
"ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანლიტიკოსის, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის თქმით, უმთავრესი გზავნილი, არის რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს არც საქართველოს და არც რეგიონის მიტოვებას:
"უმთავრესი გზავნილია ალბათ რეგიონის აქტორებისთვის, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს საქართველოს და არც რეგიონის მიტოვებას. აპირებს, რომ გრძელვადიანი პოლიტიკა განახორციელოს და საქართველო გამოიყენოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი რეგიონში. ბოლო ხანებში ყველაზე აქტუალურია კასპიის და შავის ზღვის უსაფრთხოება და აქ საქართველოს როლი უფრო და უფრო იზრდება,"- ამბობს კახა გოგოლაშვილი.