პარტია "ლელოს" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტსა და პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით მათი პოზიციები უცვლელია.
პარტია "ერთიანი საქართველოს" წევრის ანზორ ბიწაძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი ოპოზიციის წარმომადგენლების ინდივიდუალურად გადაბირებას შეეცადა, თუმცა არ გამოუვიდა.
"მოგეხსენებათ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ყველა ჩვენმა კოლეგამ, რომ არავინ აპირებს მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებას, "ქართული ოცნება" დარჩება მარტო ამ პროცესში. ვიცი, რომ ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ძალიან ბევრს ცდილობენ, ძალიან დიდი მცდელობა ჰქონდათ რამდენიმე დღის წინათ, რომ გამოეძებნათ საერთო ნაცნობები და კონტაქტები სხვადასხვა არჩეულ პარლამენტის წევრებთან, რომ დაეთანხმებინათ ისინი პარლამენტში შესვლაზე, ინდივიდუალურადაც მიმართეს და ყველასგან, ვისაც მიმართეს, მიიღეს უარი,"- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, თუმცა ოპოზიციის კომპრომისი მმართველი გუნდის შეთავაზებაზე იქნება დამოკიდებული.
"პარლამენტში ჩვენ არ შევდივართ, დანარჩენი დამოკიდებულია მოლაპარაკებაზე. რაღაცა კომპრომისი იქნება ორივე მხრიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს საარჩევნო საკითხებთან, არჩევნებთან დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც ევროპულ დემოკრატიებში მიღებული ფორმაა, შეიძლება იყოს ვადებზე კომპრომისი, მაგრამ თუ შემხვედრი წინადადება არ იქნება, ასე უპირობოდ არ შევალთ. მე სხვისი სახელით ვერ გეტყვით, ეს იქნება საერთო ოპოზიციური მოლაპარაკება,"- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ბოიკოტი სრულფასოვანი უნდა იყოს, რაც პარლამენტში არ შესვლასთან ერთად თავისთავად მეორე ტურში არ მონაწილეობას გულისხმობს.
"თუ გაყალბებულია არჩევნები, მეორე ტურში რა საქმე გაქვს, ასე რომ ვთქვათ. თუ მეორე ტურში იღებ მონაწილეობას, მაშინ რატომ არ შედიხარ პარლამენტში. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ლოგიკა გულისხმობს, რომ ბოიკოტი იყოს სრულფასოვანი, რაც გულისხმობს მეორე ტურში არ მონაწილეობას, ჩვენი წარმომადგენლების არ დასწრებას და პარლამენტში არ შესვლას,"- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. მათი მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ამასთან, აშშ-ს და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი მიმდინარეობს, რომლის ორი რაუნდი უკვე ჩატარდა.