17 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
მოლაპარაკების მესამე რაუნდი იქნება შესაძლებლობა, რომ განიმუხტოს სიტუაცია - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარების განმუხტვის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მისი თქმით, მოლაპარაკების მესამე რაუნდზე, რომელიც ფასილიტატორების ჩართულებით იმართება, მმართველი გუნდი კონკრეტული შეთავაზებით უნდა მივიდეს. 

"რაც შეეხება კრიზისის განმუხტვას, მთლიანად პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ისინი მესამე რაუნდისთვის უნდა მოვიდნენ კონკრეტული წინადადებით, კონკრეტული შეთავაზებით. დღემდე მათ არაფერი რა მოუტანიათ. მოლაპარაკება რას გულისხმობს, რომ როცა ორივე მხარე მიდის პირობებით და მერე ორივე მხარე რაღაცას თმობს. ჩვენ მივედით ჩვენი პირობებით, მათ არაფერი არ მოუტანიათ და ჯერ დისკუსია არ გამართულა, რა შეიძლება დათმოს ან ოპოზიციამ ან რა შეიძლება დათმოს ხელისუფლებამ. ასეთი დისკუსია ჯერ არ შემდგარა. ამიტომ, მესამე რაუნდი იქნება შესაძლებლობა, რომ განიმუხტოს სიტუაცია," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ, თუ რა დათმობაზე წავა ოპოზიცია, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა შეთავაზებით მივა ხელისუფლება მოლაპარაკების მესამე რაუნდზე. 

"ზოგადად მოლაპარაკება ხომ ამას გულისხმობს, როცა ორივე მხარე რაღაცას თმობს. რა დათმობაზეა ოპოზიცია წამსვლელი, ამაზე ვისაუბროთ მას შემდეგ რაც ისინი კონკრეტული შემოთავაზებით მოვლენ. ჯერ ასეთი შემოთავაზება მათგან არ მომხდარა. და როცა ისინი მოიტანენ წინადადებას, მერე აუცილებლად გეტყვით, ვართ თუ არა თანახმა, ან რა ფორმით," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები