საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვისას, აღნიშნა რომ პომპეოსა და მისი მეუღლის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, იმისა რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობაა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ამაყობს, რომ უმასპინძლა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ქალბატონ პომპეოს საქართველოში.
"სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვიდა საქართველოში, რათა გამოეხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს არჩევანის მტკიცე მხარდაჭერა, გაღრმავდეს ევროატლანტიკური კავშირები, და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის ფონზე. ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს ღირებულებები-დამოუკიდებლობა, პატივისცემა, ტოლერანტობა და თავისუფლება ქმნის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს", – აღნიშნა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო მდივანმა პომპეომ აგრეთვე მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, დემოკრატიული პროცესების გაღრმავება და გააკეთოს გადამწყვეტი მნიშვნელობის საქმე, რაც არის საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელება.
"ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მტკიცე ორმხრივი დღის წესრიგი აქვს. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან ნაყოფიერი შეხვედრების დროს განიხილა რიგი საკითხები, მათ შორის საქართველოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, მისი ძალისხმევა, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და ააშენოს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები, და ჩვენი პარტნიორობა გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. სახელმწიფო მდივანი, ასევე, შეხვდა მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისე როგორც საუკუნეების განმავლობაში, დღესაც ასრულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელობის როლს საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების დაცვაში. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსში და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა და დაცვა, რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ თავისი ვიზიტი დაასრულა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან დისკუსიით იმაზე, თუ რა კეთდება სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად და როგორია დამოუკიდებელი სასამართლოს როლი ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო მდივან პომპეოს ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედრის მონაწილეებისაგან მოესმინა, თუ რას აკეთებენ ისინი, რათა ასრულდეს მათი ოცნება ძლიერ და აყვავებულ სახელმწიფოზე.
"მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, სახელმწიფო მდივნისათვის ეს შეხვედრები იყო შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მიაღწია საქართველომ 30 წლის განმავლობაში. სახელმწიფო მდივნისა და ქალბატონი პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობისა. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს, რამდენადაც გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, გაღრმავდეს მისი ევროატლანტიკური კავშირები, ხელი შეუწყოს ეკონომიკას და შეიტანოს წვლილი უსაფრთხოების განმტკიცებასა და სტაბილურობაში რეგიონსა და მის გარეთ. გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს გულმხურვალე მასპინძლობისა და მეგობრობისთვის, რაც ასე ნათლად გამოვლინდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.