საქართველოში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 17 ოლქში "ქართული ოცნების" კონკურენტები რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური კანდიდატები პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, საარჩევნო ბიულეტენში ორივე კანდიდატი იქნება წარმოდგენილი.
ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მეორე ტურის ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება არა პოლიტიკური ტაქტიკის მიხედვითაა მიღებული, არამედ პრინციპული, მორალური და პრაგმატული თვალსაზრისით.
"ივანიშვილის რეჟიმმა, მრავალწლიანი ზიანის შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მიმართულებით, ახლა მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემოგვთავაზოს ის წესი, რომ თავად გადაწყვიტოს რამდენი ხანი დარჩება აბსოლუტურ ძალაუფლებაში და არა მოქალაქეების უმრავლესობამ. ამის მიღება არ შეიძლება, არც პრინციპულად, არც მორალურად, არც პრაგმატულად და ამის ნაწილია არ მონაწილეობა მეორე ტურში და არა რაღაც კალკულაციის ან ტაქტიკის,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ქვეყნის კრიზისულ ვითარებაში შეყვანა სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა.
"თუ ვინმემ გამოიჩინა უპატივცემულობა და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ამომრჩეველს, ეს არის "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი, გახარია და მათი ამფსონები. ჯერ საკუთარი პასუხისმგებლობა გაეაზრათ, სანამ ქვეყანას შეიყვანდნენ ამ კრიზისულ ვითარებაში,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. მათი მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ამასთან, აშშ-ს და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი მიმდინარეობს, რომლის ორი რაუნდი უკვე ჩატარდა.