პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან რჩევები, რომ ოპოზიციამ ბრძოლა პარლამენტში გააგრძელოს მნიშვნელოვანია, თუმცა ამ რჩევის შესრულება რთულია, რადგან ხელისუფლება თავის ზრახვებში არაგულწრფელია. ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა "დღის კურიერში" ისაუბრა:
"ჩვენ ეს ეტაპი რაც ახლა გვქონდა უნდა გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ მეორე ტურამდე გველაპარაკა ინტენსიურად, ხელისუფლება რომ ამ ზრახვაში გულწრფელი და რამე ლაპარაკის დამწყები ყოფილიყო, ეს საარჩევნო პერიოდში, ახლა უნდა გამოჩენილიყო. აქედან გამომდინარე არის რთული ამ რჩევის შესრულება," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება გირჩის სამომავლო გეგმებს, იაგო ხვიჩიას თქმით, მისი პარტია პარლამენტში იქნება თუ პარლამენტს გარეთ, მათი სურვილია, რომ პოლიტიკურ პროცესებში ინტენსიურად იყვნენ ჩართულები და ის ბრძოლა, რომელშიც ისინი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად არიან ჩართული არ იქცეს ფიქციად და კონცერტად:
"ჯერჯერობით ჩვენ მოლაპარაკების მაგიდაზე ვზივართ და გვინდა რომ ეს მაგიდა იყოს წარმატებული და მერე თუ არ შევდივართ პარლამენტში, ბოიკოტი გვაქვს და ამ ბრძოლას ვაგრძელებთ, ეს ბრძოლა იყოს წარმატებული და არ იქცეს ფიქციად და კონცერტად. ჩვენ მართლა გვინდა პროცესებში მონაწილეობა თუ გვინდა პოლიტიკაში დარჩენა, ქუჩაში იქნება ეს თუ პარლამენტში. როგორ წარმოუდგენია ოპოზიციას ქუჩიდან ბრძოლა, გირჩის გეგმები დამოკიდებულია სხვა როგორ ფიქრობს, ჩვენ ხომ ცალკე არ მოვიფიქრებთ რაღაცას. მინიმუმ ხომ უნდა გავიგოთ ჩვენი გეგმები რამდენად თავსებადია სხვების გეგმებთან," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.