17 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
მეორე ტური ოპოზიციის გარეშე - საარჩევნო ბოიკოტის შედეგად "ქართულ ოცნებას" ახალ პარლამენტში შესაძლოა 17 მაჟორიტარი დაემატოს

მეორე ტურამდე დარჩენილ 2 დღეში ოპოზიცია დათმობას არ აპირებს. 21 ნოემბერს არჩევნები მათ გარეშე, თუმცა, მათი პროტესტის პარალელურად გაიმართება. ისინი, ვინც ცესკოს მონაცემებით, 21 ნოემბერს მმართველი გუნდის კანდიდატებს უნდა დაუპირისპირდნენ, დღეს საკუთარ ამომრჩეველს ერთმანეთის მიყოლებით მოუწოდებდნენ, რომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავონ.

მმართველი გუნდი კი პირიქით, აქტიურად განაგრძობს მოწოდებებს ოპონენტების მისამართით. პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომიდან ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა პატივი სცენ ამომრჩევლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებას. გახარია კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთ გზად პროცესების პარლამენტში გადატანაში ხედავს.

ოპონენტები იმ პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას ადანაშაულებენ და სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას და პარლამენტში შესვლას გამორიცხავს, თუმცა, ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზადყოფნას გამოთქვამს. ისინი შემხვედრ ნაბიჯებს სწორედ მმართველი გუნდისგან ელოდებიან, პარალელურად მოთხოვნებს არ ცვლიან.

დიალოგის მომხრეა მმართველი გუნდიც, თუმცა "ქართულ ოცნებაში" გამორიცხავენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ოპოზიციას ურჩევენ ბრძოლა პარლამენტიდან განაგრძონ.

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს შედეგება. პარალელურად ოპოზიცია სხვადასხვა სახის აქციას გეგმავს. პროტესტის კონკრეტულ ფორმებზე პოლიტიკური პარტიები ხვალ იმსჯელებენ, ტრადიციული შეკრება "ლელოს" ოფისში უკვე ჩანიშნულია.

დღის ამბები