არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ინფორმაცია მესამე სექტორის წარმომადგენლებმაც მიაწოდეს. ფილიპ რიკერი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ონლაინ რეჟიმში ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეები ყვებიან, რომ ამერიკელმა სტუმარმა მხარდაჭერა გამოხატა ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მიმართ.
ამერიკის შეერთებული შტატები აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას და მისთვის მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმა – ეს ინფორმაცია სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოიტანეს. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ამერიკის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ არასამთავრობო სექტორმა უნდა გააგრძელოს აქტივობა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით და საზოგადოების ინფორმირების კუთხით.
ის, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, მსოფლიო პანდემიის და ასევე რეგიონში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე შედგა, მკაფიო გზავნილია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გამყარების კუთხით ექსპერტებისთვის. მათივე თქმით, საქართველოში პომპეოს ჩამოსვლა იყო ჟესტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო რეგიონში მთავარი დასაყრდენია.
მაიკ პომპეოს ვიზიტმა ნათელი გახადა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, რომლის მიხედვითაც ამერიკა არ აპირებს რეგიონის მიტოვებას - ამაზე ექსპერტთა ნაწილი საუბრობს და აცხადებს, რომ შავი და კასპიის ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ნაწილში საქართველოს როლი უფრო მეტად იზრდება.
მაიკ პომპეო საქართველოდან გუშინ გაემგზავრა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ამ დროისთვის ოფიციალურ შეხვედრებს ისრაელში მართავს. პომპეო არაბთა გაერთიანების საიმიროებსაც ეწვევა, 10 დღიან ტურნეს კი სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთში დაასრულებს.