"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საუბარი მუდმივად არის, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტების წარდგენა არ ხდება, რაც თავისთავად ამ დასკვნების პრობლემურობაზე მიუთითებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა:
"რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ყველა არჩევნებზე იწერება დასკვნებში რომ ვიღაცებს მიჰყავდათ საარჩევნო უბნებზე საჯარო მოხელეები, ფაქტების გარეშე. არცერთ არჩევნებზე ფაქტები არ მოუყვანიათ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ეს არის სამართალდარღვევა, ყოველ ჯერზე ჩვენ ვეუბნებით ყველას, მათ შორის ადგილობრივ დამკვირვებლებს, მოგვიტანონ ფაქტები და აუცილებლად იქნება რეაგირება, მათ შორის კანონის საფუძველზე. არცერთი ფაქტი როდესაც არ ფიქსირდება და მუდმივად ერთი და იგივე ტრიალებს ყველა დასკვნაში, ყველა არჩევნებზე ეს არის თავისთავად პრობლემა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.