სრულიად პოლიტიკური სპექტრი მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპს ელოდება. მანამდე კი დღეს ოპოზიცია შეხვედრას ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებთან გამართავს. მათი ნაწილი უკვე ადასტურებს, გავრცელებულ ინფორმაციას შეხვედრასთან დაკავშირებით.
ლიდერების განცხადებით, აუდიენციისას ყურადღება გამახვილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გაიმართება.
თანმდევ სამუშაო პროცესს უწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ელჩების ცალკე შეხვედრას "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.
"თემატიკა იგივეა, რაზეც არის ეს მოლაპარაკებები, ანუ ახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაცია და წესები, პოლიტიკური პატიმრები," - აცხადებს სერგი კაპანაძე.
"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ საუბრის კონკრეტული შინაარსი შეხვედრაზე გაირკვევა. მისი თქმით, "ლელო" ყოველთვის იყენებს შესაძლებლობას, რომ მეგობარი ქვეყნების ელჩებს შექმნილ ვითარებაზე ხედვები და გამოსავალზე მოსაზრებები გაუზიაროს.
წინასწარ თემებზე ვერ საუბრობს "გირჩის" ლიდერი, თუმცა ამბობს, რომ კავშირში იქნება დიალოგის ფორმატში განსახილველ საკითხებთან.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ხელმძღვანელი ელჩებთან ოპოზიციის შეხვედრას დიალოგის შემდეგი რაუნდისთვის მოსამზადებელ შეხვედრას უწოდებს.
"მოქალაქეების" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრის მთავარი თემა, ისევე როგორც ამ პერიოდში გამართული სხვა შეხვედრებისა, იქნება არჩევნების დარღვევებით და ხარვეზებით ჩატარება.