დიალოგის მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი ინდივიდუალური შეხვედრები ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, თინა ბოკუჩავა და გრიგოლ ვაშაძე უკვე შეხვდნენ პარტნიორებს. ამ წუთებში ფასილიტატორები "ევროპულ საქართველოს" ხვდებიან. ბოლო შეხვედრა დღეს ალეკო ელისაშვილთან გაიმართება.
ცოტა ხნის წინ ელჩის რეზიდენცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა დატოვეს. ოპოზიციონერების თქმით, ამ შემთხვევაში ელჩების განწყობა არის ასეთი, რომ მხარეები კომპრომისს მიაღწევენ და ისინი ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.
"აბსოლუტურად არ არის ახალი, ჩვენს ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ყველაზე მთავარი ოპოზიციის მოთხოვნებში არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრები. "ქართული ოცნებისგან" ველოდები კომპრომისულ წინადადებას იმისათვის, რომ 2021 წელი იქნება ძალიან სახიფათო ყველა თვალსაზრისით, გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სოციალური, გნებავთ საგარეო პოლიტიკური იქნება ძალიან სახიფათო, ამიტომ რაც უფრო მალე ქართველები ერთმანეთში მოვნახავთ კომპრომისს, მოვილაპარაკებთ იმაზე, რაც დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეებს მით უკეთესი, დამიჯერეთ, ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიციის პოზიცია კი უცვლელია, მათი თქმით უპირობოდ პარლამენტში არ შევლენ და ქვეყანაში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
"ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ ასეთი მოტივირებული არის ვაშინგტონი და ბრიუსელი, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენ ეს მოტივაცია რა თქმა უნდა ხელიდან არ უნდა გავუშვათ, რომ ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ ქვეყანაში. დღევანდელ სისტემაში, სანამ არ არსებობს კონკრეტული შეთანხმებები, სწორედ აი ამ ფორმატში, პირდაპირ ვამბობ, თქვენ თვითონაც იცით, რომ პარლამენტში არანაირი აზრი არა აქვს რაღაცა პროცედურებში მონაწილეობას სანამ ზუსტად არ ვიცით რა მოხდება, რა შეიცვლება, როგორ შეიცვლება, როგორ ჩამოყალიბდება. თუ შეთანხმება არ მოხდა კონკრეტულ საკითხებზე არ განვიხილავთ პარლამენტში შესვლას, მაგრამ შეთანხმება რაზე შეიძლება მოხდეს ჩვენ ჩვენი ვერსია ვთქვით, აი მათგან ვერსიას, ალბათ მათთანაც იქნება მსგავსი ტიპის შეხვედრა და ველოდებით," - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.