იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის წარსადგენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურას იწყებს. ვაკანსია 2 კანდიდატზეა გამოცხადებული, სამოსამართლეო ვადა მზია თოდუას და ბესარიონ ალავიძეს ეწურება. განცხადებების მიღება 20 ნოემბრიდან იწყება და 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი შერჩევის პროცედურა დასრულდება კლანისთვის მისაღები შედეგით.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შერჩევის პროცესიც როგორც სხვა შერჩევები იყო, უზენაესი იქნება ეს თუ პირველ და მეორე ინსტანციაში დამთავრდება ისე როგორც ეს კლანისთვის იქნება მისაღები. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ვერ გეტყვით წინასწარ ვერაფერს, მაგრამ ფაქტია, რომ უზენაეს სასამართლოში არის რა თქმა უნდა შესარჩევი ახალი კანდიდატურები, წარსადგენია ეს პარლამენტში, რაც კანონით არის გათვალისწინებული," - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი აცხადებს, რომ არც ერთი მოსამართლე არანაირ გავლენას არ დაექვემდებარებიან.
"ვიცი ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილის განწყობა. მე უკვე მერამდენედ აღვნიშნე, რომ მას ჰგონია, რომ სასამართლოში არსებობს რაღაც გავლენიანი ჯგუფი ამას რა თქმა უნდა არ ვადასტურებ, რომ არც დანიშნული მოსამართლეები, არც მოქმედი მოსამართლეები და არც ის მოსამართლეები, რომლებიც დაინიშნებიან არანაირ გავლენას არ დაექვემდებარებიან," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი.