პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, რომელიც დღეს, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს ხვდებოდა, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი უკვე აქვს და ახლა "ქართული ოცნების" ჯერია.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც ხელახალ ან ვადამდელ არჩევნებს უკავშირდება, ცვლილებები გაზაფხულამდე მოესწრება.
"იმისათვის, რომ შეთანხმება მოხდეს, ამას ადეკვატური გააზრება სჭირდება ორივე მხარის მხრიდან. ჩვენ ქმედით ნაბიჯებს ველოდებით "ქართული ოცნების" მხრიდან, რადგან მათ გააყალბეს არჩევნები და არა ჩვენ, მათ შეიყვანეს ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში. ჩვენ გამოსავალი ვუთხარით, თუმცა მათაც უნდა თქვან თავიანთი გამოსავალი. შესაძლოა გარკვეული საკითხები განვიხილოთ, მაგრამ არა ის, რომ ჩვენ უბრალოდ პარლამენტში შევიდეთ.
ჩემი აზრით, გაზაფხულისთვის მოსწრებადია ის ცვლილებები, რომელიც უნდა განხორციელდეს. თუ ქვეყანაში ფუნდამენტურად არ შეიცვალა საარჩევნო გარემო, ჩვენ მუდმივად მსხვერპლი ვიქნებით ძალადობისა და მოსყიდვის," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეკითხვაზე, თუ როდის შეიძლება კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართოს, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს შესაძლოა მომავალ კვირაში მოხდეს, თუმცა ზუსტ დროს ვერ ასახელებს. ამასთან, მან ამომრჩეველს ხვალინდელ არჩევნებზე არ მისვლისკენ და ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა.
გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ, საბოლოო ჯამში შეთანხმებისკენ სვლის სტრატეგია ჩამოყალიბდება.