17 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად პოლიტიკურმა დიალოგმა აშშ-ს ელჩის რეზიდენციიდან დღეს ევროკავშირის ელჩთან გადაინაცვლა

პარლამენტის შეკრებას საქართველოში უკვე არა მხოლოდ დიპლომატიური მისიები და სტრატეგიული პარტნიორები ითხოვენ. კიდევ ერთი შეხვედრა ელჩის რეზიდენციაში - ამჯერად ფასილიტატორები ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მართავენ.

ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობდა. კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს 8 პარტიის დარწმუნება უწევს. ელჩები პოზიტიურად თვლიან იმ ფაქტს, რომ პარტიები გამოსავლის პოვნას ცდილობენ, თუმცა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის კონკრეტული ნიშნები, ჯერჯერობით არ ჩანს. ოპოზიციის ლიდერების უდიდესი ნაწილი ისევ ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, პოლიტიკურმა დიალოგმა აშშ-ს ელჩის რეზიდენციიდან დღეს ევროკავშირის ელჩის მისამართზე გადაინაცვლა. ლოკაციასთან ერთად შეიცვალა ფორმატიც - ჯგუფური შეხვედრები ინდივიდუალურმა აუდიენციებმა ჩაანაცვლა.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციის კარი ოპოზიციონერი ლიდერებისთვის დილიდან 11 საათზე გაიღო. პირველი სტუმარი შალვა ნათელაშვილი იყო. აუდიენციის დაწყებამდეც და მის შემდეგაც, "ლეიბორისტების" ლიდერს პოზიცია არ შეუცვლია. ოპოზიციის სახელით ნათელაშვილმა მედიას უთხრა, რომ პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში მხოლოდ ხელახალი არჩევნები განმუხტავს.

ზუსტად 2 საათზე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში კელი დეგნანი გამოჩნდა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მედიასთან მოკლე განმარტებისას განაცხდა, რომ დიპკორპუსი მხოლოდ შუამავალია, პოლიტიკური შეთანმხება კი პოლიტიკური მხარეების მისაღწევია.

ელჩებმა პარალელურ რეჟიმში მოუსმინეს "გირჩისა" და "ლელოს" ლიდერებს. ოპოზიციის პოზიცია, რომ არ შეცვლილა შეხვედრებიდან გამოსულმა "გირჩელებმა" მედიას კიდევ ერთხელ უთხრეს. მათი თქმით, ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში ახლა მთავარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაა.

"სტრატეგია აღამაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს, შეთანხმებამდე კი, პარლამენტში შესვლას და დეტალების განხილვას აზრს მოკლებულად მიიჩნევს.

"ნაციონალური მოძრაობის" სახელით ელჩებს გრიგოლ ვაშაძე და თინათინ ბოკუჩავა შეხვდნენ. პარტიაში, ისევე როგორც დანარჩენ ოპოზიციაში, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მიიღეს, საკანონდებლო ორგანოში შესვლას შეთანხმებამდე გამორიცხავენ. გრიგოლ ვაშაძე კომპრომისს ხელისუფლებისგან ელოდება.

დღის ამბები