რამდენიმე დღიანი მსჯელობის შემდეგ, ოპოზიციამ 21 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქცია გააუქმა. ხვალ, არჩევნების მეორე ტურს, როგორც თავად ამბობენ, მდუმარე პროტესტით შეხვდებიან.
იგნორი მეორე ტურს და არჩევნებს - ეს გადაწყვეტილება სრულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ერთობლივად, დღეს "ლელოს" ოფისში მიიღო. თბილისის მსგავსად საპროტესტო აქციები არ იქნება არც ბათუმში. აქციებთან ერთად, ოპოზიციამ სირცხვილის კორიდორების მოწყობის გეგმაც გააუქმა. ოპონენტები ამის მიზეზად დაგეგმილ პროვოკაციებს ასახელებენ.
ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თორნიკე რიჟვაძის სპეციალური განცხადება. მან სირცხვილის კორიდორის მოწყობის გეგმას სისხლის სამართლის დანაშაული უწოდა, ოპოზიცია კი გააფრთხილა, რომ გეგმის განხორციელების შემთხვევაში სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებდნენ.
სირცხვილის კორიდორების გაუქმება სწორ და კონსტრუქციულ გადაწყვეტილებად შეფასდა მმართველ გუნდში. "ქართულმა ოცნებამ" დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, შეწყვიტოს ბოიკოტი.
იმისთვის, რომ არჩევნების მეორე ტურმა ხვალ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს, საარჩევნო უბნებთან შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილური ჯგუფების მობილიზებას განახორციელებს. უბნებთან მართლწესრიგის შესაძლო დარღვევების არსებობის შემთხვევაში კი, უწყება საზოგადოებას ინფორმაციის ეტაპობრივად მიაწვდის.
17 საარჩევნო ოლქში ხვალ მეორე ტურია, ოპოზიცია კი ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. მიუხედავად ბოიკოტისა, ხვალ საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, საარჩევნო ბიულეტენში 2 - "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის გვარი დახვდება.