ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა და შემდგომ რიგგარეშე არჩევნები დასახელდა პოლიტიკური კრიზისის დასრულების ეფექტურ გზად საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე. ამ ფორმატში პოლიტიკის ექსპერტებმა განიხილეს, რა კომპრომისებზე უნდა წავიდნენ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები. ექსპერტთა შეფასებით, პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს, პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო დაამძიმებს.
რიგგარეშე არჩევნები რომ გარდაუვალია, ამ მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც. თუმცა, მანამდე, მისი თქმით, პროცესი საპარლამენტო ჩარჩოებში უნდა გადავიდეს, სადაც ოპოზიციაც შევა, საგამოძიებო კომისიას შექმნის და არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს შეაფასებენ.
ექსპერტებისა და პოლიტოლოგების მსგავსად, პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილიც ფიქრობს, რომ შესაძლოა პროცესის პარლამენტში გადატანა კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გამოსავალი იყოს. პარტიისგან განსხვავებული პოზიცია, გრიგოლ ვაშაძის შემდეგ, ამჯერად სალომე სამადაშვილმა დააფიქსირა. სამადაშვილი მომავალში ვადამდელი არჩევნების დათქმით, პარლამეტში შესვლის პოზიციას იზიარებს.
არჩევნებზე დაფიქსირებული პრობლემების მოგვარების გზად საპარლამენტო მუშაობას ასახელებს "სექტორი სამიც".
პარლამენტარიზმის 30 წლიან ისტორიაში პირველად, შესაძლოა ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი ჰყავდეს, რაც ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ნაწილის თქმით, შესაძლოა განგრძობითი პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდეს.