პარტია ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღეს შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმების მიღწევაა. როგორც ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მხარეები გამოსავალზე უნდა შეთანხმდნენ.
"პოლიტიკური კრიზისი რომ დღეს ჩვენთან არსებობს, ეს უდავოა, სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ მხარეები უნდა შეთანხმდნენ გამოსავალზე. გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან არის ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება. მეორე საკითხია, როდის უნდა იყოს ეს ვადამდელი არჩევნები და რა პირობებში უნდა ჩატარდეს ის,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, თუ მოხდება შეთანხმება "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ახალი არჩევნების ჩატარებასა და მის ვადასთან დაკავშირებით, ასევე თუ მოხდება შეთანხმება, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ცესკოს ახალი ადმინისტრაციის მიერ, ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში გატარდეს აუცილებელი ცვლილებები, ახალი პარლამენტის საქმიანობაში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობა დასაშვებია.
"ვადამდელი არჩევნები გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში იმიტომაც ჰქვია მას ვადამდელი, რომ ეს გულისხმობს მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობასაც და მეათე მოწვევის პარლამენტმა რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
აქ არსებობს სივრცე და კომპრომისი სწორედ ეს არის, რომ თუკი ჩვენ შევქმნით ისეთ მექანიზმს, რომელიც იძლევა საკმარის გარანტიებს, რომ შეთანხმება შესრულდება, თუ რა თქმა უნდა, ჯერ შეთანხმებაზე მივედით, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობარი ელჩების მონაწილეობით და მათი მხარდაჭერით, შესაძლებელია გაგრძელდეს უკვე მუშაობა პარლამენტის კედლებში, ოპოზიციის და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა, იმისათვის, რომ ყველა ცვლილება განხორციელდეს საარჩევნო კანონმდებლობაში და ასევე ცესკოს ადმინისტრაციაში, რომ შემდგომი არჩევნები მართლაც ისე ჩატარდეს, რომ უკვე აღარასოდეს დადგეს კითხვის ნიშანი მათი შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.