17 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
ის, რომ მეორე ტურში კონკურენტი არ მონაწილეობს, ეს მართლაც დისკომფორტის შემქმნელია - დავით სერგეენკო

არჩევნების მეორე ტურში რა ტიპის აქტივობა იქნება "ქართული ოცნებისთვის" ღირსეული გამარჯვების ნიშანი - პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" დავით სერგეენკო ამბობს, რომ ღირსეულ გამარჯვებას არჩევნების პირველივე ტურში უკლებლივ ყველა უბანში მიაღწია, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ხმების 50%-ის არ არსებობის გამო მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.

რაც შეეხება აქტივობას, დავით სერგეენკომ "ღამის კურიერში" აღნიშნა, რომ ფიქრობს არჩევნების პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურში მაღალი აქტივობა იქნება, რაც მომსვლელი ამომრჩევლის რაოდენობით აისახება.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ის, რომ მისი კონკურენტი მეორე ტურში არ მონაწილეობს, გარკვეულწილად დისკომფორტის შემქმნელია.

"პირველ ტურსა და ღირსეულ გამარჯვებას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ამ გამარჯვებას მივაღწიე უკლებლივ ყველა უბანში. საქმე იმაშია, რომ კანონმდებლობა და კონსტიტუცია მოითხოვს, რომ ეს იყოს მინიმუმ 50%, შესაბამისად გახდა საჭირო მეორე ტური.

ის, რომ მეორე ტურში კონკურენტი არ იღებს მონაწილეობას, ეს მართლაც დისკომფორტის შემქმნელი არის, მაგრამ ყველა ჩვენთაგანმა, კანდიდატმა თუ არაკანდიდატმა უნდა გავითვალისწინოთ და დავემორჩილოთ საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომ, მეორე ტური ჩატარდება ნებისმიერ შემთხვევაში. ინდიკატორი, თუ ეს რეალური იყო, იქნება მომსვლელი ამომრჩევლის რაოდენობა, რა თქმა უნდა.

ჩემი მოლოდინი არის, რომ მაღალი აქტივობა იქნება პირველ ტურთან შედარებით და ამას მაფიქრებინებს ის კომუნიკაცია, რაც მე მქონდა პირველი ტურის მერე მოსახლეობასთან," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები