"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ როგორც კი ოპოზიცია ულტიმატუმის ტონით საუბარს შეწყვეტს, მათი მხრიდან კომპრომისზე საუბარი შესაძლებელი იქნება.
მისივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან ბევრ თემას შეეხნენ და ყველაფერზე შეიძლება საუბარი, გარდა ხელახალი არჩევნების დანიშვნისა.
"მე ვფიქრობ, რომ ისინი კომპრომისულ წინადადებებზე იფიქრებენ, იმსჯელებენ და პარლამენტში შემოვლენ იმისათვის, რათა თავისი პოზიცია დააფიქსირონ საპარლამენტო ტრიბუნიდან. აუცილებლად უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან მოლაპარაკების მაგიდასთან დაყენებული წინადადება და ულტიმატუმი. თუკი მათი რიტორიკა იქნება ისეთი რადიკალური, როგორც აქამდე იყო და მათი პირობა ისევ ულტიმატუმის სახით იქნება წარმოდგენილი, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ როგორც კი ამ წითელ ხაზს გადაკვეთენ პოზიტიური გაგებით, ბუნებრივია, შემხვედრი წინადადებებიც იქნება ჩვენი მხრიდან.
ბევრ თემას შეეხნენ ისინი და ყველა თემაზე შესაძლებელია საუბარი, გარდა იმისა, რომ ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილება გაიხედოს და მოხდეს რევიზია,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.