17 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
"საარჩევნო ბიულეტენში ჩემი ოპონენტი არის ასახული, ასე რომ მისი ამომრჩეველი შესაძლებელია მივიდეს კიდეც და ხმა მისცეს" - კახა კახიშვილი 

პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან”, კახა კახიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მეორე ტურის შედეგების მოლოდინშია. ისიც, მმართველი გუნდის სხვა ლიდერების მსგავსად ამბობს, რომ ოპოზიცია ფარულად ახდენს ამომრჩევლის მობილიზაციას.

კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ ოპონენტების ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან მივიდეს. 

"მე მივეცი ხმა იმ პარტიას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ განვითარებას. მიუხედავად განცხადებისა, რომ არ იღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, მეორე ტური მაინც შედგა. საარჩევნო ბიულეტენში ჩემი ოპონენტი, რა თქმა უნდა, არის ასახული, როგორც მე. ასე რომ მისი ამომრჩეველი შესაძლებელია მივიდეს კიდეც და ხმა მისცეს,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ისნის ოლქში კენჭისყრის პროცესი დილიდან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. საოლქო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ დრომდე არც ერთი საჩივარი დაწერილი არ არის.

"სულ გვყავს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში 114 609 ამომრჩეველი, 12 საათის მონაცემებით, მონაწილეობა მიიღო 8 116-მა ამომრჩეველმა, 85 საარჩევნო უბანი გვაქვს, ყველა უბანი გაიხსნა დროულად, ხმის მიცემა მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. აქტივობა არის საშუალო,“ - განაცხადა #5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ფიქრია ნიკოლაშვილმა

დღის ამბები