"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ოპოზიციის მხარდამჭერები მათი ლიდერების მითითებით აპირებენ ბიულეტენზე ისეთი მინაწერის გაკეთებას, თითქოს ისინი საჯარო მოხელეები არიან და არჩევნებზე წასვლა დააძალეს.
მამუკა მდინარაძემ კონკრეტული გვარებიც კი დაასახელა, რომლებსაც, მისი მტკიცებით, ასეთი მინაწერების გაკეთება სთხოვეს.
"საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ზოგადად, მეორე ტურის სპეციფიკის, პანდემიის და ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, აქტივობა არ არის მაღალი, თუმცა ნორმალურია. მოსახლეობა მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას საარჩევნო ყუთებთან აფიქსირებს, რისთვისაც მადლობას ვუხდით.
ჩვენ დილიდან არაერთხელ, წინასწარ გავამახვილეთ ყურადღება, რომ რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა შემდეგ კი ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციის და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ. მიუხედავად პროვოკაციის მცდელობებისა, არჩევნები ძალიან მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს და დარწმუნებული ვართ, დღევანდელი დღე ბოლომდე ასე ჩაივლის.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მაჟორიტარების კანდიდატების მიმართ.
მე შემიძლია გვარიც კი დავასახელო, ვის სთხოვეს აჭარის ნაცმოძრაობის ლიდერებმა ასეთი მინაწერების დაფიქსირება ბიულეტენებზე: ქალბატონი ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე, ზაიცევა.
გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები და მოვუწოდებ ნაცმოძრაობის ყველა ლიდერს თავი დაანებონ ასეთი პატარა ნაღმების აფეთქებას, რადგან აზრი არ აქვს, ყველა ინფორმაცია გვაქვს აბსოლუტურად. სუს-ს თავი დაანებონ, ყველა ინფორმაცია გამოდის მათი წარმომადგენლისგან,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.