"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ISFED-ის განცხადებას, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბნებთან მმართველი პარტიის კოორდინატორების სიმრავლე შეინიშნება.
მამუკა მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ ამომრჩევლების რაოდენობის დათვლა და უბანზე მისული მხარდამჭერების აღრიცხვა არანაირი დარღვევა არ არის.
"საარჩევნო კონტექსტში გახდა მარადიული კითხვა, რა უნდა კოორდინატორს საარჩევნო უბანზე. ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი გვყავს იდენტიფიცირებული და არანაირი დარღვევა არ არის, იმისათვის, რომ ჩვენ პარტიის ცენტრალურ ოფისში კოორდინატორებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია, რამდენი ამომრჩეველი მოვიდა და, მათი ვარაუდით, რამდენია ჩვენი მხარდამჭერი. ჩვენ როდესაც გეუბნებით ხოლმე, რომ ჩვენი მხარდაჭერა მაღალია, ვიმარჯვებთ და ა.შ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გეუბნებით. ამაში არც კანონისმიერი და არც მორალური - არანაირი დარღვევა არ არის.
მთავარია, რომელიმე კოორდინატორმა ზემოქმედება რაიმე ფორმით არ განახორციელოს ამომრჩეველზე. თუ ზემოქმედებას არ ახორციელებს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იქნება თუ სხვა, სხვა დარღვევა არ ფიქსირდება მხოლოდ იმაში, რომ ისინი აღრიცხავენ მხარდამჭერების რაოდენობას. ისინი ყველა წესს იცავენ, რაც კანონითაა დადგენილი,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.