"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 87-ე და 21-ე საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრს არაუფლებამოსილი პირები აკონტროლებენ, რომლებიც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზეც აკრედიტაციის გარეშე შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" რეგიონული კოორდინატორის, დათო ლოგუას განცხადებით, კონკრეტულ უბნებზე ე.წ. კრიმინალური მენტალობის პირებიც შეინიშნებოდნენ.
"იმ უბანზე, სადაც ჩვენ ვიყავით, იქ იყვნენ არაუფლებამოსილი პირები, კონკრეტულად კრიმინალური მენტალობის ადამიანები. უბანზე დაფიქსირდა მათი გადაადგილება და გარე პერიმეტრზე, და მეორე რომელიც ვახსენე, ეს იყო 26-ე უბანი, ეს არის კომბინატის დასახლებაში, სადაც უშუალოდ აკრედიტაციის მქონე ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ბეიჯი, მას ჰქონდა სიები სხვა პირებთან ერთად და ამ სიებს ათვალიერებდნენ და შემდეგ ეს ქალბატონი შევიდა უბანზე და მოგვცა ამან ეჭვის საფუძველი, რომ რაღაც არც ისე კარგად არის საქმე," - განაცხადა დათო ლოგუამ.
ზუგდიდის #21 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე წულაია უარყოფს "სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ აკრედიტაციის გარეშე, საარჩევნო უბანზე არც ერთი პირი არ დაიშვება.
"ისეთი პირს ჩვენ არ ვუშვებთ უბანზე, რომელსაც არ აქვს აკრედიტაცია. ვამოწმებთ პირადი ნომრით და ბეიჯებით და არც ერთ უბანზე არ შემოსულა პირი, ვისაც არ ჰქონდა უბანზე შემოსვლის უფლება. ასეთი ფაქტი ჩვენთან არ დაფიქსირებულა," - განაცხადა სალომე წულაიამ.
არაუფლებამოსილი პირების გადაადგილებას უარყოფს, #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხიც.
„არსად არ იმყოფება არა უფლებამოსილი პირი, ბოლო ჩანაცვლებები ვისაც ჰქონდა, მათ შესაბამისად, არ ჰქონდათ აკრედიტაციები. ანუ პარტიას აქვს უფლება, რომ ინფიცირებული ადამიანი ჩახსნას პროცესს და შეიყვანოს ახალი წევრი და ვინც წუხელ ღამით გამოიცვალა, ანუ დილისთვის ახალი წევრი იყო, ის შესაბამისად, იქნებოდა აკრედიტაციის გარეშე, მაგრამ ყველა გადამოწმებულია, ბაზაში რეგისტრირებული ხალხი იმყოფება ამ უბნებზე," - განაცხადა მირანდა მესხმა.