17 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
სამგორის მე-8 საარჩევნო უბანი დეზინფექციის ჩატარების მიზნით ყველას დაატოვებინეს - სულხან სალაძე კანონმდებლობის დარღვევაზე საუბრობს

სამგორის 180-ე სკოლაში გახსნილი უბანი დეზინფექციის ჩატარების მიზნით ყველას დაატოვებინეს. ფაქტი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებელმა გააპროტესტა. ადგილზე, ცოტა ხნის წინ, სულხან სალაძეც მივიდა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ფაქტი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა, რადგან უბანი ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე დარჩა. სალაძე ამბობს, რომ ამის გამო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა სიტყვიერი შენიშვნა გამოთქვა, რასაც უბანზე უკმაყოფილება მოჰყვა.  

"ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაფიქსირდა, რომ კომისიის თავმჯდომარემ უბანზე ითხოვა რომ ყველას დაეტოვებინა უბანი დეზინფექციის ჩატარების მიზნით. პრაქტიკულად, უბანი დარჩა მეთვალყურეობის გარეშე, მხოლოდ დამლაგებელი რჩებოდა უბანზე, რაზეც ჩვენმა დამკვირვებელმა გამოთქვა სიტყვიერი შენიშვნა. ამას მოჰყვა უკმაყოფილება უბანზე, მას მოსთხოვეს, რომ დაკორექტირებულიყო მისი შენიშვნა და სიტყვა ჩასვეს ფრჩხილებში, მისი ნებართვის გარეშე, თითქოს ცდილობდნენ გადაეშალათ საერთოდ ეს სიტყვა, რომ იქ არ ყოფილიყო დაფიქსირებული დატოვება. თუმცა ეს არის მხოლოდ ერთი მხარე ამ პრობლემის. მეორე მხარე არის ის, რომ ამის შემდგომ გაგრძელდა მასთან დამატებით კომუნიკაცია, მას სთხოვეს რომ გამოსულიყო გარეთ  და ეუბნებოდნენ, რომ ეს საჩივარი საერთოდ გამოეხმო, რომ თბილისი პატარა ქალაქია და მათ იციან მისი მისამართი. მას კონკრეტული პირები ეუბნებოდნენ ამის შესახებ. ეს არის დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლა. ერთი ის, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა, რომ უბანი რჩებოდა ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე, მაგრამ მეორე ნაწილი ემატება ამას, რომელიც არის დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლა," - განაცხადა სულხან სალაძემ.

დღის ამბები