საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს "ქართული ოცნების" გარდა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ბოიკოტი გამოუცხადა და მმართველი პარტია არჩევნებში უკონკურენტოდ დატოვა.
არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის გზა ახლა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებზე გადის. დღის ბოლოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა შესაძლო კომპრომისზე ისაუბრა. ამბობენ, რომ ერთადერთი რაც შეიძლება დათმონ არის არჩევნების თარიღი, უარი თქვან ხელახალ არჩევნებზე და დაელოდონ გაზაფხულს, რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად.
ოპოზიციის ნაწილი პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობს და ამბობენ, რომ გაგრძელდება თუ არა პოლიტიკური კრიზისი მმართველი პარტიის შეთავაზებებზეა დამოკიდებული.
"ქართულ ოცნებაში" კი ხელახალი არჩევნების დანიშვნას გამორიცხავენ და კომპრომისულ წინადადებებს და შემხვედრს ნაბიჯებს სწორედ ოპონენტებისგან ელოდებიან. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ არჩევნების დანიშვნის გარდა ოპოზიციას კიდევ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა და მოლაპარაკებების დროს პოზიციების დაახლოება სწორედ ამ საკითხებზე შეიძლება მოხდეს.
ზუსტი დრო და ადგილი, სად გაიმართება მხარეებს შორის რიგით მესამე შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია. არ არის გამორიცხული, მესამე რაუნდი მხარეებს შორის მომავალ კვირას შედგეს.