არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა კობა მანველიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბიულეტენების ფოტოებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ექსპერიმენტი იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ მმართველი პარტია ოპოზიციას უსმენს და უთვალთვალებს.
"დღის ორ საათზე ჩავატარეთ ექსპერიმენტი, სამი ადამიანი საარჩევნო უბნებზე მივედით და ბიულეტენებზე წარწერები დავტოვეთ.
დღის 4 საათისთვის მამუკა მდინარაძემ გაახმაურა, რა წარწერები გავაკეთეთ უბნებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა თვალთვალი მიმდინარეობს. მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან გამომდინარე ჩვენზე მოსმენები და თვალთვალი მიმდინარეობს, რადგან ამ ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა იგი ამომრჩევლებს უთვალთვალებს, საარჩევნო უბნებზე,"-განაცხადა კობა მანველიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა განცხადება, რომ "დესტრუქციული ოპოზიციის" ლიდერებმა მხარდამჭერებს მისცეს დავალება, რომ ბიულეტენებზე დაეფიქსირებინათ მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა.
განცხადების გაკეთებიდან მალევე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ბიულეტენის ფოტოები წარწერით: "ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მისვლა."