17 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
დათვლილია შემაჯამებელი ოქმების 52%, რომელიც მოიცავს 1043 უბანს - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების შეჯამების მიზნით, ამ ეტაპისთვის, დათვლილია შემაჯამებელი ოქმების 52%, რომელიც მოიცავს 1043 უბანს.

რაც შეეხება ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებს, ცესკოს ინფორმაციით, დათვლილია შემაჯამებელი ოქმების 27%, რაც მოიცავს 35 უბანს. 

ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელ ნათია იოსელიანს უკვე დათვლილი შემაჯამებელი ოქმების მიხედვით წინასწარი შედეგები არ გამოუცხადებია. მან აღნიშნა, რომ როდესაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოადგენენ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე. 

"როგორც თქვენთვის ცნობილია, 20:00 სთ-ზე დაიხურა საარჩევნო უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცესი. კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს და ისინი იტვირთება შესაბამის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად შემოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დაუყოვნებლივ ქვეყნდება შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე და ცხადია, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. აღსანიშნავია, რომ ოქმების განთავსება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო და ამასთან, ტრადიციულად ხორციელდება შედეგების შეჯამების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის, "ფეისბუქის" და "იუთუბის" მეშვეობით; ტრანსლირება 360-გრადუსიანი ვიდეოკამერის საშუალებით მიმდინარეობს და ყველას გაქვთ საშუალება თვალი ადევნოთ ამ პროცესს.

შედეგები მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკო-ს ვებგვერდზე და ჩვენ, მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოგიდგენთ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ამომრჩევლებს, იმისათვის, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მიიღეს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, იმისათვის, რომ ხელი შეუწყვეს კენჭისყრის პროცესის მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარმართვას და მინდა მადლობა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს დღის განმავლობაში თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისთვის,"- განაცხადა პრესსპიკერმა.

დღის ამბები