ცესკოს მიერ სპეციალურ ვებგვერდზე შედეგების ატვირთვისას, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი - ამის შესახებ განცხადებას ცესკო ავრცელებს.
"შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.
აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის," - განცხადებას ცესკო ავრცელებს.
ამასთან, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი უპირისპირდებოდა, სხვა ოლქებში კი მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებდა, მათი კანდიდატები კანონის შესაბამისად ბიულეტენებში ცესკოს მიერ მაინც იყო დატოვებული.