არჩევნების მეორე ტურში დარღვევები დაფიქსირდა, მათ შორის, ქარელის საარჩევნო უბანში, სადაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რამდენიმე ბიულეტენი აღმოჩნდა.
დარღვევები იყო თერჯოლაშიც, სადაც საარჩევნო ყუთში, საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის ბიულეტენები აღმოაჩინეს.
ბიულეტენები, რომლებიც დაუდგენელი იყო, საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო.
#27 საარჩევნო ოლქში კი, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს ამომრჩეველთა ხმების 118,08 % პროცენტი ჰქონდა.
მსგავსი ხარვეზი გამოვლინდა სოზარ სუბარის შემთხვევაშიც, რომელმაც ამომრჩევლის 164%ზე მეტი ხმა მიიღო.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ ტექნიკური და პროგრამული შეფერხებები მალევე გამოსწორდა.
"შემაჯამებელი ოქმების შემოსვლა როდესაც დაიწყო, იყო პროგრამული შეფერხება, ჩვენმა პროგრამისტებმა შეძლეს და ალტერნატიული სახით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეს წინასწარი შედეგები. ჩვენ ამ საკითხს ვიძიებთ, თუ რატომ იყო შეფერხებები,"- აღნიშნა ნათია იოსელიანმა.