17 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, რომელ პარტიას რამდენი მანდატი შეხვდება - ცესკოს მონაცემებით, პირველად პარლამენტში 31 ქალია 

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგება და პოლიტიკური ოპონენტები პარლამენტში კუთვნილ სკამებს დაიკავებენ, როგორი იქნება 2020 წლის პარლამენტში მათი რაოდენობა და რომელ პარტიას რამდენი მანდატი შეხვდება, როგორც პროპორციული ასევე მაჟორიტარული სისტემით -აღნიშნული ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგებია:


პროპორციული სისტემა - ცესკოს მონაცემებით, ერთპროცენტიანი სიმბოლური ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა, და ამომრჩეველთა მხარდაჭერა პროცენტებში ასე გამოიყურება:

"ქართულ ოცნებას" ნდობა 48,22%-მა გამოუცხადა,

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 27,18 -ს მხარდაჭერა მიიღო,

"ევროპულ საქართველოს", ცესკოს მონაცემების მიხედვით, 3,79% აქვს,

"სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ლელოს" თანაბარი პროცენტები ერგოთ, 3, 15%,

"პატრიოტთა ალიანსს" ნდობას ამომრჩეველთა 3,14% უცხადებს.

"გირჩს" 2,89%-ს მხარდაჭერა აქვს,

"მოქალაქეების" შედეგი 1,33%-ია,

"ლეიბორისტულ" პარტიას 1% ანდობს საპარლამენტო მანდატს.

ცესკოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით მაჟორიტარულ ნაწილში შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველ ტურში 30-დან 13 ოლქში გამოვლინდა გამარჯვებული. 17 ოლქში მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, რადგანაც აქ, 50%-იანი ბარიერი, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს ვერც ერთმა კანდიდატმა გადალახა.

მეორე ტური, რომელიც გუშინ ჩატარდა, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა. მმართველი გუნდის ოპონენტებმა მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღეს, თუმცა ტექნიკურად, მათი კანდიდატების მონაცემები, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე მაინც დახვდა.

პირველი და მეორე ტურის შედეგებს თუ შევაჯამებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, 30-ივე ოლქში მაჟორიტარული მანდატი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო.

ამ ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შედიან, საკანონმდებლო ორგანოში მანდატები ასე გადანაწილდებოდა:

არჩევნების ოფიციალური შედეგებისა და კანონმდებლობის მიხედვით, "ქართულ ოცნებას" 90 მანდატი აქვს - აქედან 30 მაჟორიტარული, 60 პროპორციული. 90 მანდატი არის ზედა ზღვარი და საარჩევნო კანონის მიხედვით, ამაზე მეტი ადგილის მიღება არც ერთ პარტიას შეუძლია.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მანდატები ასე გადანაწილდა:

36 დეპუტატი ჰყავს "ნაციონალური მოძრაობას";

"ევროპულ საქართველოს" - 5;

"ლელომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", "პატრიოტთა ალიანსმა" და "გირჩმა" - 4-4 მანდატი მიიღეს;

"მოქალაქეებს" - პარლამენტში 2 ადგილი აქვთ;

"ლეიბორისტული პარტია" - პარლამენტში 1 მანდატითაა წარმოდგენილი.

საკანონდებლო ორგანოში პირველად, ცესკოს მონაცემებით, 31 ქალია.

შეგახსენებთ, რომ ასეთია პარლამენტი ოფიციალური შედეგების მიხედვით და ასეთი იქნება საკანონმდებლო ორგანო, თუ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას დათანხმდება.

ამ დროისთვის კი მმართველი გუნდის ოპონენტები ბოიკოტის რეჟიმში არიან, ისინი არალეგიტიმურად მიიჩნევენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, განახლებული ადმინისტრაციით.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ცდილობენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. დიპლომატი შუამავლების დახმარებით, ოპოზიცია და უმრავლესობა ერთი მაგიდის გარშემო ორჯერ უკვე შეიკრიბა. მხარეები მესამე რაუნდისთვის ემზადებიან. დიპლომატები კი ხაზგასმით ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა აიღოს.

დღის ამბები