17 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
მე არ მომწონს საპარლამენტო ბოიკოტების სისტემა, თუმცა ოპოზიციის შესვლის შესაძლებლობა უნდა გაჩნდეს შეთანხმების საფუძველზე - სალომე სამადაშვილი

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მორიგი, მესამე რაუნდის გამართვის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც თავად განმარტავენ, ისინი შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ხელახალი, რიგგარეშე არჩევნები ცენტრალური კომისიის ახალი შემადგენლობით დაინიშნება. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა და შეთავაზება მათ უნდა წარმოადგინონ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი არ მოსწონს, თუმცა აცხადებს, რომ ამ ბოიკოტის შეწყვეტის შესაძლებლობა მათ "ქართულმა ოცნებამ" უნდა მისცეს. 

"ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი საპარლამენტო ბოიკოტები. მე არ მომწონს საპარლამენტო ბოიკოტების სისტემა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები შეხედულებას, რომ უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, თუმცა ამის შესაძლებლობა უნდა გაჩნდეს სწორედ იმ შეთანხმების საფუძველზე, რომლის ფასილიტატორობაც საკუთარ თავზე აიღეს ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა კოლეგებმა,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია ხაზს უსვამს, რომ შეთანხმება, მისი თქმით, გაყალბებული არჩევნების მიღების ხარჯზე ვერ მოხდება. 

"პასუხისმგებლობაც და ქმედების ვალდებულებაც არის "ქართულ ოცნებაზე". ეს არ არის ის თემა, სადაც კომპრომისი შეიძლება მოხდეს გაყალბების მიღების ხარჯზე. ხომ შეუძლებელია თქვა, რომ ცოტა გაყალბებაზე დავთანხმდები და ბევრზე არა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება - რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება და პროცედურების და ადმინისტრაციის შეცვლა,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, მოლაპარაკების მესამე რაუნდი მას შემდეგ შედგება, რაც ხელისუფლება შემხვედრი წინადადების წარმოდგენას შეძლებს. 

"მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი აუცილებლად გაიმართება. ამ მოლაპარაკებებს სჭირდება ხელისუფლების მზაობის დადასტურება. ჩვენ პირველივე ასეთ შეხვედრაზე მივიტანეთ ის შეთანხმება, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში შედგა. ახლა აუცილებელია, ხელისუფლებამ თავისი საპასუხო გზავნილი და მოთხოვნები წარმოადგინოს იმისათვის, რომ დაიძრას ყინული და მოვახერხოთ და "ქართული ოცნების" მხრიდან შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთობლივად გამოვიდეთ,"-განაცხადა საბა ბუაძემ. 

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციაც და მოლაპარაკებაში ჩართული საერთაშორისო პარტნიორებიც "ქართული ოცნების" მხრიდან კონკრეტულ წინადადებებს ელოდებიან. 

"ჩვენც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, აბსოლუტურად ლოგიკურად, ახლა ველოდებით ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯებს და კონკრეტულ წინადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთსა და იმავეზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. როგორც კი იქნება კონკრეტული წინადადება ხელისუფლების მხრიდან, იქნება მესამე რაუნდიც,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ პროტესტის ნიშნად არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვეს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. "ქართული ოცნება" ოპოზიციის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს. 

ამასთან, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობის დიალოგი დაიწყო, რომლის ორი რაუნდიც უკვე შედგა. 

დღის ამბები