17 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
უნდა ვაღიაროთ, ეს იქნება პრობლემური პარლამენტი პრობლემური ოთხი წლით - კონსტიტუციონალისტები ერთპარტიულ პარლამენტზე

პარლამენტი ოპოზიციის გარეშე - კონსტიტუციონალისტები თანხმდებიან, რომ ერთპარტიული პარლამენტი სრულფასოვნად ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმის გაგრძელების შემთხვევაში, პარლამენტი მხოლოდ "ქართული ოცნების" 90 დეპუტატით დაკომპლექტდება, რაც, მათი თქმით, გარკვეული კანონების მისაღებად საკმარისი არ იქნება. 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ პარლამენტი, სადაც საზოგადოება სრულად არ არის წარმოდგენილი, სრულყოფილი ვერ იქნება.

"ოპოზიცია თუ არ შევიდა პარლამენტში, პარლამენტი 90 უმრავლესობის დეპუტატისგან დაკომპლექტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი. პარლამენტი, სადაც საზოგადოება სრულად არ არის წარმოდგენილი, ცხადია, სრულყოფილი ვერ იქნება. ამ შემთხვევაში, ოპოზიციური ამომრჩევლის განწყობა საკანონმდებლო ორგანოში, სამწუხაროდ, არ იქნება წარმოდგენილი და ეს თავისთავად შეუქმნის უხერხულობას მმართველ გუნდს,"-აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მთავარი სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში პარლამენტი საკმაოდ პრობლემური იქნება. 

"პარლამენტს ძალიან ბევრი და ფართო უფლებამოსილებები აქვს და, შესაბამისად, არ არის სწორი მსჯელობა, რომ თუკი რაიმე ჩვეულებრივ კანონს მიიღებს, სხვაგან პრობლემები არ შეექმნება. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იქნება საკმაოდ პრობლემური პარლამენტი პრობლემური ოთხი წლით, თუკი 4 წელი სრულად გალია და მანამდე რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდა. საკმაოდ დაძაბული მუშაობა იქნება საჭირო, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია, სამართლებრივი ლეგიტიმაციის დარად, უფრო და უფრო არ გაუარესდეს,"-აცხადებს ლევან ალაფიშვილი. 

ცესკოს მონაცემებით, არსებულ ვითარებაში საპარლამენტო მანდატები ასევ ნაწილდება - 90 მანდატი "ქართული ოცნება", 36 "ნაციონალური მოძრაობა", 5 "ევროპული საქართველო" 4-4 მადატი ექნებათ ლელოს და სტრატეგია აღმაშენებელს, 2 "მოქალაქეებს" ხოლო ერთი მანდატით იქნება წარმოდგენილი ლეიბორისტული პარტია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ პროტესტის ნიშნად არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვეს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. "ქართული ოცნება" ოპოზიციის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს. 

ამასთან, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობის დიალოგი დაიწყო, რომლის ორი რაუნდიც უკვე შედგა. 

დღის ამბები