პოლიტიკურ პარტიებს მანდატების მიღებისა და პარლამენტში შესვლისკენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებიც მოუწოდებენ.
საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის რუმინელი და ფრანგი წევრები აცხადებენ, რომ ერთადერთი შესაფერისი ადგილი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა თუ გამოწვევის განსახილველად, პარლამენტია და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის ყველა პარტიას არჩევნების შედეგად მოპოვებული მანდატების მიღებისკენ მოუწოდებენ.
"არჩევნების შედეგად მრავალფეროვანი პარლამენტი ჩამოყალიბდა, სადაც მმართველი უმრავლესობა ძლიერი ოპოზიციის წინაშე აღმოჩნდება, რაც სათანადო საპარლამენტო მუშაობის ზედამხედველობას უზრუნველყოფს. ერთადერთი შესაფერისი ადგილი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა თუ გამოწვევის განსახილველად პარლამენტია. საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მიიღონ მანდატები, რომლებიც არჩევნების შედეგად მოიპოვეს და შევიდნენ პარლამენტში," - აღნიშნავენ თანამომხსენებლები.
თანამომხსენებლები განცხადებაში არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზეც საუბრობენ. მათი განმარტებით, ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და საჭიროა პასუხისმგებელმა ორგანოებმა ისინი გამჭვირვალედ გამოიძიონ.
"საქართველოში საარჩევნო გადაცდომებზე დაუსჯელობის აღქმა არ უნდა არსებობდეს. ამასთანავე, დამკვირვებლების მიერ აღნიშნული ხარვეზები სრულად უნდა აღმოიფხვრას. ახალ პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ კუთხით,"- განაცხადეს თანამომხსენებლებმა, რომლებიც ამ პროცედურებს მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში ახლოდან დააკვირდებიან.