შესაძლოა, 4 ოპოზიციური პარტია ბლოკში გაერთიანდეს. საუბარია "ევროპულ საქართველოზე", "სტრატეგია აღმაშენებელზე", "გირჩსა" და "ლელოზე".
"კურიერის" ინფორმაციით, მომავალ არჩევნებში შესაძლოა ამ ოთხმა პოლიტიკურმა ძალამ მონაწილეობა ერთად მიიღოს.
პარტიები გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, პარტიებს შორის კონკრეტული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთიანია.
"ეს პოლიტიკური ძალები ვართ კონსულტაციების აქტიურ რეჟიმში ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის რისი თქმაც ახლა შეიძლება და ამაზე შორს წასვლა ნაადრევია. ბევრ საკითხზე გვაქვს უფრო ახლო პოზიციები, ვიდრე სხვა პოლიტიკურ ძალებთან, თუნდაც "ნაციონალურ მოძრაობასთან," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
"გირჩი" ყოველთვის იყო მომხრე ოპოზიციური ერთობის და ძლიერების. ჩვენ მთელ ოპოზიციასთან ახლაც ვცდილობთ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, რაც შეეხება კოალიციას, არ განგვიხილავს და გარწმუნებთ, რომ ამას სიმართლესთან კავშირი არ აქვს,"- აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
"ზოგიერთ პარტიაში უფრო მეტი შინაარსობრივი თანხვედრა არის, მათ შორის იმ პარტიებში, რომელიც ჩამოთვალეთ, თუმცა რაიმე სახის ერთობაზე ჯერ საუბარი არის გამორიცხული, ვინაიდან მთელი ოპოზიციური სპექტრი ვართ ერთიანები ხელახალი არჩევნების მოთხოვნაზე. რაიმე ტიპის ცალკეული მოძრაობები ჯერჯერობით არ არსებობს და ოპოზიცია რჩება ერთიანი ამ პროტესტის ფარგლებში,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.
"არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს არიან საკუთარი ღირებულებებით, არიან პარტიები, რომლებიც დაშორებულები არიან, მაგრამ ეს ამ რეალობას არ ცვლის, ჩვენ ერთი ვართ მთავარ მიზანში, არ შევდივართ პარლამენტში, იმიტომ, რომ არჩევნები არის მოპარული და მეორე, ქვეყანაში ვითხოვთ ახალ არჩევნებს,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.